დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება N2-47 07.09.2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დისციპლინური კომიტეტის დებულება
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 3
მუხლი 2. დისციპლინური კომიტეტის მიზნები და ამოცანები 3
მუხლი 3. დისციპლინური კომიტეტი 3
მუხლი 4. დისციპლინური გადაცდომები და სახდელები 4
მუხლი 5. მოსწავლის მიერ საჩივრის წარდგენის პროცედურები 7
მუხლი 6. დისციპლინური წარმოების დაწყება 8
მუხლი 7. დისციპლინური კომიტეტის სხდომა 9
მუხლი 8. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება 9
მუხლი 9. დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 10
მუხლი 10. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა და ვადაზე ადრე მოხსნის წესი 11
მუხლი 11. დისციპლინური კომიტეტის საქმისწარმოება 11
მუხლი 12. ცვლილებები და დამატება 11
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1.1. სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში გიმნაზია) დისციპლინური კომიტეტის დებულება შემუშავებულია ,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, გიმნაზიის დებულებისა და შინაგანაწესის საფუძველზე;
1.2. დისციპლინური კომიტეტის საქმიანობაში გრძელვადიანი შედეგების ორიენტირი არის გიმნაზიის უსაფრთხო გარემოს ფორმირება;
1.3. დებულება განსაზღვრავს დისციპლინური კომიტეტის სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, უფლებამოსილებასა და მუშაობის წესს.
მუხლი 2. დისციპლინური კომიტეტის მიზნები და ამოცანები
2.1 გიმნაზიის დისციპლინური კომიტეტის მიზნებია:
• დისციპლინური გადაცდომებისა და კონფლიქტების შემცირება;
• ძალადობის პრევენცია;
• დამრღვევი და დაზარალებული მხარის შერიგება;
• ინციდენტით გამოწვეული ემოციური და მატერიალური შედეგების გამოსწორება;
• სამართლიანობის აღდგენა;
2.2 დისციპლინური კომიტეტის ძირითადი ამოცანაა:
• დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
• თანამშრომელთა და მოსწავლეთა მიერ გიმნაზიის შინაგანაწესის/შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევების განხილვა და ადეკვატური სანქციების დაწესება.
მუხლი 3. დისციპლინური კომიტეტი
3.1. დისციპლინური კომიტეტი არის გიმნაზიის თვითმმართველობის ორგანო, რომელიც განკუთვნილია სასკოლო დისციპლინის მართვისთვის;
3.2. დისციპლინური კომიტეტი განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს დისციპლინური სახდელების შესახებ და ემსახურება გიმნაზიის შინაგანაწესის აღსრულებას;
3.3. დისციპლინური კომიტეტი არის მიუკერძოებელი, სამართლიანი და ვალიდური თავის გადაწყვეტილებებში, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის;
3.4. დისციპლინური კომიტეტი ანგარიშვალდებულია გიმნაზიის დირექტორის წინაშე;
3.5. დისციპლინური კომიტეტის წევრებს უნდა შეეძლოთ:
ა) ერთმანეთთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ბ) საქმიანობის ეთიკური ნორმების დაცვა;
გ) დაგეგმონ და მოამზადონ სხდომები;
დ) შეინარჩუნონ ემოციური მდგრადობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და თანაბარი ემპათიურობა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის მიმართ;
ე) აწარმოონ საქმიანობის სრული დოკუმენტირება.
3.6. დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობით მასწავლებელი, მშობელი, საშუალო საფეხურის მოსწავლე. ამ წევრების
კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:
ა) მშობელთა სათათბიროს; ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
3.7. დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობაში შედის შეიძლება იყოს ასევე მოწვეული ფსიქოლოგი.
3.8. გიმნაზიის დისციპლინური კომიტეტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 7 წევრით:
ა) მასწავლებელი - 2 ბ) მშობელი - 2
გ) მესამე საფეხურის მოსწავლე - 2
დ) მოწვეული ფსიქოლოგი.
3.9. დისციპლინური კომიტეტი აირჩევა ერთი წლის ვადით.
3.10. დისციპლინური კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს.
3.11. დისციპლინურ კომიტეტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან კომიტეტის უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 4. დისციპლინური გადაცდომები და სახდელები
4.1. დისციპლინური კომიტეტის ძირითადი ამოცანაა დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის მიღება. ის განიხილავს გიმნაზიის თანამშრომელთა და მოსწავლეთა მიერ ,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, გიმნაზიის დებულების და შინაგანაწესის, გიმნაზიის სამსახურებრივი ინსტრუქციისა და შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს;
4.2. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევა;
ბ) მოსწავლის მიერ მოსწავლის ქცევის კოდექსთან აშკარად შეუთავსებელი ქმედება;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, გიმნაზიაშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების ბრალეული დარღვევა.
4.3. დისციპლინური გადაცდომისათვის მოსწავლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება
ბ) მკაცრი გაფრთხილება
გ) საყვედური
დ) სასტიკი საყვედური
ე) გაკვეთილიდან გაძევება
ვ) დროებით დათხოვნა გიმნაზიიდან, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1-დან 10 სასწავლო დღემდე;
ზ) გიმნაზიიდან გარიცხვა(საშუალო საფეხურზე);
თუკი მოსწავლის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ზომა, ხოლო მოსწავლე კვლავ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას, „გიმნაზიის“ მხრიდან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსწავლის მშობელთან (კანონიერი წარმომადგენელი)/მეურვესთან/ მზრუნველთან მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება (მიუხედავად იმისა მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის მომენტისათვის მოხსნილი ექნება თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობა შინაგანაწესის მე-17 მუხლის შესაბამისად).
ხელშეკრულების ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გიმნაზიის დირექტორი დისციპლინური კომიტეტის წარდგინებით.
4.4. დისციპლინურმა სახდელმა არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან;
4.5. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე; დისციპლინური სახდელი შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.
4.6. პედაგოგის/სხვა პერსონალის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) გიმნაზიის შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) გიმნაზიისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან „ გიმნაზიის“ პედაგოგის/სხვა პერსონალისა და თავად გიმნაზიის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
4.7. დაკისრებულ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, გიმნაზიის პედაგოგის/სხვა პერსონალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ე) სამსახურიდან დათხოვნა;
4.8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „შენიშვნა“ გამოიყენება:
ა) ორზე მეტი დაგვიანების (გაკვეთილზე, თათბირზე, პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე და სამსახურში), ან არასაპატიო მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობისათვის;
ბ) შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
4.9. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „საყვედური“ გამოიყენება:
ა) დაკისრებული მოვალეობის მიმართ ზერელე დამოკიდებულებისათვის;
4.10. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „სასტიკი საყვედური;“ გამოიყენება: ა) „შენიშვნის“ ან/და „საყვედურის“ ორჯერ მიღებისას;
ბ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
გ) გიმნაზიისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნისათვის;
დ) შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
4.11. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება“ გამოიყენება:
ა) ორი საყვედურისა და სასტიკი საყვედურის მიღებისათვის;
ბ) სამსახურში სისტემატური დაგვიანებისთვის, ან სამსახურში არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობისათვის;
გ) სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის შინაგანაწესით ან/და შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტი) დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
4.12. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად „სამსახურიდან დათხოვნა“ გამოიყენება:
ა) გიმნაზიის შინაგანაწესით ან/და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობათა არაერთჯერადი დარღვევისათვის;
4.13. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა;
4.14. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებულ უნდა იქნეს დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთ თვეში. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ ბრძანება უნდა გადაეცეს/ან გაეგზავნოს ფოსტის მეშვეობით შესაბამის პირს მისი გამოცემიდან სამი დღის ვადაში. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.15. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში;
4.16. თუ პირს ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ;
4.17. დისციპლინური პასუხისმგებლობის „ა“, „ბ“, „გ“ ზომები შეიძლება ვადამდე მოეხსნას პირს მისი გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ „გიმნაზიის“ დირექტორის გადაწყვეტილებით;
4.18. დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით;
4.19. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.
მუხლი 5. მოსწავლის მიერ საჩივრის წარდგენის პროცედურები
5.1. ზოგადი დებულებები
5.1.1 გიმნაზიის ყველა მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა თავისი უფლებების დარღვევის გამო;
5.1.2 მიმართვა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს სიმართლის დადგენას;
5.1.3 ცრუ ბრალდება არაკეთილსინდისიერი საქციელია და ამისთვის ყველას მოეთხოვება პასუხი;
5.1.4 ყველა ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე;
5.1.5 გიმნაზიის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას მშობლის, მზრუნველის(ოჯახის წევრის), მასწავლებლის, სხვა მოსწავლის, გიმნაზიის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების გამო;
5.1.6 მოსწავლეს აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება;
5.2. მიმართვის მომზადება
5.2.1 მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა ან დამოუკიდებლად, ან მშობელთან/მზრუნველთან(ოჯახის წევრთან)ერთად;
5.2.2 მიმართვა არ განიხილება თუ მასში არ არის მითითებული განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, რომელი უფლება დაირღვა და რას ითხოვს განმცხადებელი;
5.2.3 თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია გიმნაზიის დირექტორის მიმართ, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა წარედგინოს დისციპლინურ კომიტეტს;
5.2.4 ყველა სხვა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა უნდა წარედგინოს გიმნაზიის დირექტორს;
5.2.5 იმისთვის, რომ მიმართვა იყოს განხილული, აუცილებელია მისი რეგისტრაცია;
5.2.6 მომზადებული მიმართვა(ფურცელზე ხელით დაწერილი ან დაბეჭდილი)უნდა დარეგისტრირდეს გიმნაზიის საქმისმწარმოებელთან;
5.2.7 გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა უნდა გადასცეს მიმართვის შემომტანს მიმართვის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;
5.2.8 შეიძლება მიმართვა მომზადდეს ელექტრონულად და გაიგზავნოს გიმნაზიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსწავლის პერსონალური ელექტრონული ფოსტიდან.
5.3. მიმართვის განხილვა
5.3.1. ნებისმიერი მიმართვის განხილვისას უნდა მოუსმინონ მოსწავლეს და მის თანაკლასელებს, მიმართვასთან დაკავშირებულ სხვა პირებს და მოიპოვონ მტკიცებულებები;
5.3.2. მიმართვა განიხილება 1 თვეში;
5.3.3. მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს გიმნაზიის დისციპლინური კომიტეტი;
5.3.4. გიმნაზიის სხვა თანამშრომლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი;
5.3.5. გიმნაზიის რომელიმე მოსწავლის, ან რომელიმე მოსწავლის მშობლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი;
5.3.6. გიმნაზიის დირექტორის მიმართ პრეტენზიას განიხილავს გიმნაზიის დისციპლინური კომიტეტი. დირექტორის მიმართ პრეტენზიის საფუძველი შეიძლება გახდეს: დირექტორის გადაწყვეტილება, დირექტორის ქმედება ან უმოქმედობა.
მუხლი 6. დისციპლინური წარმოების დაწყება
6.1 დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს:
ა) გიმნაზიის დირექტორის მიმართვა კონკრეტული პირების (მოსწავლე/მასწავლებელი) მიერ ჩადენილი გადაცდომების შესწავლის/განხილვის მოთხოვნით, რომელსაც თანდართულად ახლავს კონკრეტული პირების
(მოსწავლე/მასწავლებელი) მიერ ჩადენილი გადაცდომების შესახებ
ინფორმაცია/მასალები;
ბ) მოსწავლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვა კონკრეტული პირების (მოსწავლე/მასწავლებელი) მიერ ჩადენილი გადაცდომების შესწავლის/განხილვის მოთხოვნით, რომელსაც თანდართულად ახლავს კონკრეტული პირების (მოსწავლე/მასწავლებელი) მიერ ჩადენილი გადაცდომების შესახებ ინფორმაცია/მასალები;
6.2 დისციპლინური კომიტეტისთვის ინფორმაციის/მასალების გადაცემის შემდეგ 7 დღის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, დანიშნოს კომიტეტის სხდომა;
6.3 გადაცდომის ჩამდენ მასწავლებელს/მოსწავლეს(მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს) დანიშნული სხდომის თარიღის, საათისა და ადგილის შესახებ შეტყობინება ეგზავნება სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე;
6.4 დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე კონკრეტული პირის (მასწავლებელi /მოსწავლე) მიერ გადაცდომის ჩადენის შესახებ შემოსულ
ინფორმაციას /მასალებს გადასცემს კომიტეტის რომელიმე წევრს(-ებს) შესასწავლად და პირველადი დასკვნის მოსამზადებლად;
6.5 დისციპლინური კომიტეტის წევრებს სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ ატყობინებენ წერილობით ან ტელეფონით, სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე;
6.6 დისციპლინური წარმოება დისციპლინური გადაცდენის მიმართ შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მუხლი 7. დისციპლინური კომიტეტის სხდომა
7.1 დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში-კონკრეტულ შემთხვევაში არჩეული სხდომის თავმჯდომარე;
7.2 სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად;
7.3 დისციპლინური კომიტეტისთვის ინფორმაციის/მასალების გადაცემის შემდეგ 7 დღის ვადაში დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია შეისწავლოს და განიხილოს ისინი და კომიტეტის სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება სახდელის დაწესების ან არდაწესების შესახებ;
7.4 გიმნაზიის დირექციის მოტივირებული არგუმენტების საფუძველზე შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე კონკრეტული გადაცდომის ჩამდენი პირის საქმის განხილვა გადაიდოს დამატებითი მასალების მიღებამდე;
7.5 სხდომაზე საკითხი გამოაქვს დისციპლინური კომიტეტის იმ წევრს, რომელმაც მოამზადა პირველადი დასკვნა კონკრეტული გადაცდომის შესახებ;
7.6 დისციპლინური კომიტეტის სხდომა შესაძლებელია წარიმართოს როგორც სასკოლო სივრცეში, ისე დისტანციურადაც;
7.7 დისციპლინური კომიტეტის სხდომა დახურულია. კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს სხდომის აუდიო და ვიდეო ჩაწერა;
7.8 დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: გადაცდომის ჩამდენი პირის წარმომადგენელს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, გიმნაზიის დირექციას
7.9 გადაცდომის ჩამდენი პირის გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს საკითხის განხილვის გადადების საფუძველს;
7.10დისციპლინური კომიტეტი აფასებს გადაცდომის სიმძიმის ხარისხს, შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და შესაბამისად ღებულობენ გადაწყვეტილებას დისციპლინური სახდელის დაწესების ან არდაწესების შესახებ;
7.11დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
მუხლი 8. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება
8.1 დისციპლინურ სხდომაზე განხილული კონკრეტული გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინურ კომიტეტს უფლება აქვს მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:
ა) სახდელის დაწესების შესახებ;
ბ) სახდელის არდაწესების შესახებ;
გ) საკითხის გადადების შესახებ( გარემოებების უკეთ შესწავლის მიზნით)
8.2 გადაწყვეტილების გამოტანისას მნიშვნელობა ენიჭება გადაცდომის ხასიათსა და სიმძიმეს, გადაცდომის ჩადენის პირობებს, შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს;
8.3 დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი;
8.4 ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კომიტეტის თავმჯდომარის ხმას;
8.5 დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით;
8.6 დისციპლინური კომიტეტის მდივანი აწარმოებს ოქმს;
8.7 დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი;
8.8 დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება, კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, სხდომის ოქმის ნომერი, განხილვის საგანი, კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო;
8.9 მიღებული გადაწყვეტილების ასლი მიეწოდება გიმნაზიის დირექციას სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში;
8.10 მიღებული გადაწყვეტილების ასლიდან ამონაწერი სახდელის დაწესება/არდაწესების შესახებ გასაჩივრების პირობებით, მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება გადაცდომის ჩამდენ მოსწავლეს/კანონიერ წარმომადგენელს/მასწავლებელს სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
მუხლი 9. დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
9.1 პირს, რომლის მიმართაც დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო სახდელის დაწესების გადაწყვეტილება, სახდელის დაწესებიდან 7 დღის ვადაში უფლება აქვს გაასაჩივროს გიმნაზიის დირექტორთან;
9.2 დირექტორს უფლება აქვს დისციპლინური კომიტეტიდან გამოითხოვოს კონკრეტული სხდომის ოქმი და მასალები;
9.3 დირექტორის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა გასცეს მასალები კონკრეტული პირის შესახებ 2 დღის ვადაში;
9.4 საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე უნდა მოიხსნას დისციპლინური სახდელი, რაც ასევე ფიქსირდება სხდომის ოქმში.
მუხლი 10. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა და ვადაზე ადრე მოხსნის წესი
10.1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ ორგანოს ან გიმნაზიის დირექტორს უფლება აქვს მოსწავლეს/მასწავლებელს/სხვა პერსონალს ვადამდე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსწავლე/მასწავლებელმა/სხვა პერსონალმა;
10.2. თუ მოსწავლეს სამი თვის, ხოლო პედაგოგს/სხვა პერსონალს ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი მიიჩნევა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ;
10.3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები შეიძლება ვადამდე მოეხსნას პედაგოგს/სხვა პერსონალს მისი გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ გიმნაზიის დირექტორის გადაწყვეტილებით. ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება წერილობით ორ პირად. ერთი პირი რჩება გიმნაზიაში, მეორე პირი კი, გადაეცემა თვითონ პირს;
10.4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა შეიტანება პირად საქმეში.
მუხლი 11. დისციპლინური კომიტეტის საქმისწარმოება
11.1 დისციპლინური კომიტეტი აწარმოებს თავის საქმიანობას შემდეგი დოკუმენტების საშუალებით:
ა) დანომრილი და ზონარგაყრილი ოქმების ჟურნალი, სადაც ფორმდება სხდომის ოქმები;
ბ) შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაციის წიგნი.
მუხლი 12. ცვლილებები და დამატება
12.1დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გიმნაზიის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.