,, ინკლუზიური განათლება ''
ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში - სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ) მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
3. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა დაიგეგმოს/განისაზღვროს:
ა) რომელ საგანში/საგნებში საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი; სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა, მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).
4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით;
5. სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების სიღრმისეული შეფასება. საჭიროების შემთხვევაში სსსმ მოსწავლის სიღრმისეული შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს (შემდგომში - მულტიდისციპლინური გუნდი). თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
6. ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, ლოგოპედი ან სპეციალური მასწავლებელი, თუკი სკოლას ჰყავს ასეთი;
7. ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი. კოორდინატორი წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; ჯგუფის კოორდინატორი მიზანშეწონილია იყოს სსსმ მოსწავლის დამრიგებელი;
8. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს;
9. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში;
10. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.
11. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
2.სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
3. გამონაკლისის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.
4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ამ გეგმის 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოს საგამოცდო მასალის ადაპტირება - უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
1. იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ესაჭიროება ხანგძლივი ჰოსპიტალიზაცია, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დადის სკოლაში, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შინ სწავლების მეთოდით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს; სკოლა უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
2. მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს იმ საგნების ჩამონათვალს, რომელიც შინ სწავლებით უნდა დაძლიოს სსსმ მოსწავლემ.
3. შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა ვალდებულია დაადგინოს განრიგი, რომლის მიხედვითაც საგნის და აგრეთვე სპეციალური მასწავლებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების პროცესის მონიტორინგი.
4. შინ სწავლების პროცესში ჩართული უნდა იყოს სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
5. შინ სწავლების პროცესში ინტერნეტისა და ვიდეოკონფერენციების გამოყენება, თუკი სკოლას ამის შესაძლებლობა აქვს, ეფექტურია დროისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით. ვიდეოკონფერენციის გამოყენება საშუალებას მისცემს მასწავლებელს, ვიზიტების შუალედში სკოლიდან გაუსვლელად აწარმოოს სსსმ მოსწავლის სახლში მეცადინეობის პროცესზე დაკვირვება; გაუწიოს კონსულტაცია სსსმ მოსწავლესა და მის მშობელს, მეურვეს ან სხვა პირს, რომელიც მოსწავლის სახლში მეცადინეობაზეა პასუხისმგებელი და ა.შ.
6. მინიმალური დატვირთვა სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში:
კლასი I-IV V-VI VII-IX X-XII
მინიმალური (ასტრონომიული) საათები კვირის მანძილზე 5 სთ 6 სთ 8 სთ 8 სთ