დამტკიცებულია
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
დირექტორის ბრძანება N 2-63 29.09. 2023
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია 3
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 3
მუხლი 3. ადაპტაციის მიზნები და ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები 3
მუხლი 4. პირველკლასელთა ადაპტაცია 5
მუხლი 5. სსსმ მოსწავლის ადაპტაცია 5
მუხლი 6. მობილობით გადმოსული მოსწავლის ადაპტაცია 6
მუხლი 7. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები 6
მუხლი 8. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები 7
მუხლი 9. დეზადაპტაციის ნიშნები 7
მუხლი 10. დეზადაპტაციის პროცესისას განსახორციელებელი ღონისძიებები 7
მუხლი 11. წინამდებარე წესის გაცნობა 8
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები 8
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია
1.1 სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში ,,გიმნაზია“) მოსწავლეთა ადაპტაციის წესი (შემდგომში ,,წესი“) შემუშავებულია, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გიმნაზიაში ადაპტაციას, გაადვილოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერი;
1.2 წინამდებარე წესის მიზანია განსაზღვროს გიმნაზიის მიერ, მისი მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის მექანიზმები და მათი განხორციელების პროცედურები;
1.3 აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება გიმნაზიაში დასაქმებულ ყველა პირზე, მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1 წინამდებარე წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება გიმნაზიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
2.2 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადაპტაცია- მოსწავლის უნარი, შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
ბ) დეზადაპტაცია - მდგომარეობა, როდესაც მოსწავლე ვერ ეგუება სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ვერ ამყარებს წარმატებულ კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოებასთან და არ აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
მუხლი 3. ადაპტაციის მიზნები და ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები
3.1 ადაპტაციის მიზნებია:
ა) ახალი მოსწავლის გიმნაზიაში/კლასში სწრაფი ინტეგრაცია, სოციალიზაცია და ორიენტაცია;
ბ) გიმნაზიაში არსებული სასკოლო კულტურის გაცნობა; გ) საჭირო უნარების გამომუშავებაში დახმარება;
დ) გიმნაზიის მისიის, ხედვისა და ღირებულებების, შინაგანაწესის გაცნობა.
3.2 მოსწავლის სასკოლო პროცესში ადაპტაციისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:
ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი;
ბ) უფროსი და-ძმის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სასწავლო დაწესებულების ტიპი;
დ) სასკოლო მზაობა - მოსწავლეს მინიმალურად მაინც უნდა ჰქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება და სოციალური ადაპტაცია. შესაძლოა, მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისთვის მზაობის დონით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობის დონითაც. მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები;
ე)სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა მოსწავლე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. თუ არ
დადიოდა, შეიძლება შედარებით გაუჭირდეს შეგუება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლე ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს მოსწავლეს ამ სიახლეს მშობელი და მასწავლებელი;
ვ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარება - ხშირად მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებს ასაკის შესაბამისად არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები - არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა, კვება და ა.შ. პირველკლასელი მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე უჭირს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგ.: მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: ამოიღეთ ჩანთიდან რვეული, წიგნი და ა.შ.-მოსწავლემ შესაძლოა ვერ შეასრულოს;
ზ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე - ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას, განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას;
თ) მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის დამრიგებლის როლი. დამრიგებელმა უნდა სცადოს, რომ თუნდაც თანამედროვე თარგმანის საშუალებების გამოყენებით, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლეებთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშობები და ა.შ.
ი) გიმნაზიაში მობილობის წესით ახალი მოსწავლის გადმოსვლისას, ასევე, უმნიშვნელოვანესია კლასის დამრიგებლის როლი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა, როგორიცაა ექსკურსია, ლაშქრობა, პიკნიკი და ა.შ.კ) მშობლის ფაქტორი - მოსწავლის გიმნაზიაში ადაპტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა და დეზადაპტაციის ტემპების შესახებ, რათა დროულად იქნას დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება;
ლ) ფსიქოლოგის როლი - იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდება დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლის გიმნაზიის ფსიქოლოგთან გასაუბრება.
მუხლი 4. პირველკლასელთა ადაპტაცია
4.1 პირველკლასელთა მიღებამდე გიმნაზიის ფსიქოლოგი და დაწყებითი კლასის მასწავლებლები ახორციელებენ სასკოლო მზაობის შემოწმებას;
4.2 სასკოლო მზაობისთვის მოსწავლეს მინიმალურად მაინც უნდა ჰქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება და სოციალური ადაპტაცია. შესაძლოა, მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისთვის მზაობის დონით, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობის დონითაც. პირველკლასელი მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე უჭირს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს;
4.3 პირველკლასელის ადაპტაციისთვის, პირველ რიგში, სასურველია მოსწავლისთვის გიმნაზიის შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდება და ღია კარის დღის მოწყობა;
4.4 მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლისა და მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება. განსაკუთრებით მშობლების დადებითი დამოკიდებულება გიმნაზიასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს.
მუხლი 5. სსსმ მოსწავლის ადაპტაცია
5.1 სსსმ მოსწავლეების წარმატებული ადაპტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, წინა აკადემიური უნარების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებების და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლა-გიმნაზიამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები;
5.2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში გიმნაზიამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები(მაგ.: ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფლად გადაადგილება;
5.3 მნიშვნელოვანია, გიმნაზიის მხრიდან მშობლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია გიმნაზიაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ გიმნაზიაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება და სხვა.
მუხლი 6. მობილობით გადმოსული მოსწავლის ადაპტაცია
6.1 გიმნაზია უზრუნველყოფს ახალი მოსწავლისთვის სასკოლო გარემოს დათვალიერებას (საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ეზო და სხვა);
6.2 კლასის დამრიგებელი ახალ მოსწავლეს აცნობს კლასის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს;
6.3 კლასის დამრიგებელი ახალ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, ასევე გიმნაზიის სასკოლო კულტურას და უსაფრთხოების ინსტრუქციებს;
6.4 ახალ მოსწავლეს პირველივე გაკვეთილზე (ან დასვენებაზე) დამრიგებელი აძლევს საკუთარი თავის წარდგენის საშუალებას;
6.5 დამრიგებელი იწვევს მშობელთა კრებას და აცნობს კლასის მშობლებს ახალი მოსწავლის მშობელს;
6.6 დამრიგებელი მუდმივ კომუნიკაციაშია ახალ მოსწავლესა და მის მშობლებთან და იგებს ინფორმაციას მოსწავლის განწყობისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ;
6.7 დამრიგებელი გეგმავს არაფორმალურ აქტივობებს, როგორიცაა ექსკურსია, ლაშქრობა, პიკნიკი და ამით ხელს უწყობს ახალი მოსწავლის სოციალიზაციას კლასში.
მუხლი 7. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
7.1 სასკოლო პროცესთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია, თუ მოსწავლე: ა) მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
ბ) სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელთა შორის;
გ) სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
დ) ძალდაუტანებლად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
ე) სიამოვნებს გიმნაზიაში წასვლა და სკოლისთვის მზადება;
ვ)მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
ზ) არ აქვს გიმნაზიასთან, მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
მუხლი 8. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
8.1 თუ მოსწავლის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს და განემარტოს, რომ მოსწავლეს არ გააჩნია დეზადაპტაციის ნიშნები;
8.2 მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას არ არის საჭირო დამატებითი სპეციალური ღონისძიებების გატარება, თუმცა აუცილებელია, მოსწავლე წახალისდეს პოზიტიური კომენტარებითა და შექებით.
მუხლი 9. დეზადაპტაციის ნიშნები
9.1 დეზადაპტაციის ნიშნებია:
ა) მოსწავლის სწრაფი და ხშირი გადაღლა;
ბ) მოსწავლის აშკარად გამოხატული სურვილი, არ წავიდეს გიმნაზიაში; გ) მოსწავლის ძილის რეჟიმის დარღვევა;
დ) ხშირი თავის ტკივილი და უმადობა;
ე) მოსწავლეს არ ჰყავს მეგობრები გიმნაზიაში;
ვ) მოსწავლე ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მასწავლებლების მოთხოვნების მიმართ; ზ) მოსწავლე თავს არიდებს თანაკლასელებთან კონტაქტს;
თ) მოსწავლეს უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ/არ იცავს სასკოლო წესებს;
ი) მოსწავლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესზე სრულყოფილად დასწრების თავის არიდება/საგაკვეთილო პროცესიდან გათავისუფლების ხშირი მცდელობა.
მუხლი 10. დეზადაპტაციის პროცესისას განსახორციელებელი ღონისძიებები
10.1 დეზადაპტაციის პროცესისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ დროულად იქნას აღმოჩენილი მოსწავლის სასკოლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებული სირთულეები, რასაც უნდა მოჰყვეს მშობლის მყისიერი შეტყობინება და პროცესში ჩართვა;
10.2 ადაპტაციის პროცესში შესაძლებელია ჩართული იქნას მოწვეული ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გაესაუბროს ინდივიდუალურად როგორც მოსწავლეს, ისე დამრიგებელსა და მშობელს. ასევე, ფსიქოლოგმა დაგეგმილი აქტივობებით სცადოს კლასში მოსწავლეების დაახლოება;
10.3 აუცილებელია გიმნაზიამ პირველივე დღეებში ხელი შეუწყოს მოსწავლეს ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების;
კლასის დამრიგებელმა მშობელს უნდა განუმარტოს, რომ მოსწავლეს სჭირდება პოზიტიური განწყობა და რაც შეიძლება ნაკლები სტრესი. ხშირ შემთხვევაში,მიუხედავად რეალური შედეგისა, შესაძლებელია მოსწავლე იქნას წახალისებული დადებითი კომენტარებით და შექებით;
10.4 სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. მოსწავლის დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის დღის რეჟიმის ორგანიზება. საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს დროულად, რათა ბავშვს დრო დარჩეს თამაშისთვის, გართობისთვის, მისთვის საინტერესო მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად, სასეირნოდ, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის და ა.შ.
10.5 მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლე კვირის განმავლობაში დააკავოს ფიზიკური აქტივობით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის სტრესის დონის კლებასა და გაჯანსაღებას;
10.6 მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ არავის შეადაროს საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება მოსწავლემ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და თვითშეფასებაც დაუქვეითდეს. შეიძლება მხოლოდ მოსწავლის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან და სასურველია, თუ ეს მოხდება მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში.
მუხლი 11. წინამდებარე წესის გაცნობა
11.1 გიმნაზია უზრუნველყოფს მოსწავლეთა ადაპტაციის წესის გაცნობას გიმნაზიაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლის ადაპტაციის პროცესში ჩართული პირებისთვის;
11.2 გიმნაზია, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს განუმარტავს მოსწავლეთა ადაპტაციის პრინციპებს.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
12.1 წინამდებარე წესი შემუშავებულია გიმნაზიის მიერ და დამტკიცებულია გიმნაზიის დირექტორის ბრძანებით;
12.2 წესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება გიმნაზიის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.