დამტკიცებულია
სახელმძღვანელოდ
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების
გიმნაზიის დირექტორის
ბრძანება N2-72 30.12.2022.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების
სტანდარტული წესდება
ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია
დანართი №1
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების
სტანდარტული წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება („სპს“) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამეწარმეო საზოგადოება (იურიდიული პირი), რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოშობილად ითვლება და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული ამ წესდებით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
4. ეს წესდება წარმოადგენს პარტნიორთა შორის დადებული სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მათ ურთიერთთანმხვედრ ნებას და იგი სავალდებულო ძალის მქონეა პარტნიორებისთვის. წესდებით განსაზღვრული ნორმები სავალდებულოა არა მხოლოდ მეწარმე სუბიექტის იმ დამფუძნებელთათვის, რომლებიც მეწარმე სუბიექტის დაფუძნების მომენტისთვის წარმოადგენენ პარტნიორებს, არამედ იმისთვისაც, ვინც მომავალში გახდება ამ სუბიექტის პარტნიორი.
5. პარტნიორთა შეთანხმება ემყარება პარტნიორთა კეთილსინდისიერების, ურთიერთპატივისცემის, გადაწყვეტილების მართლზომიერად და გულისხმიერებით მიღების ზოგად პრინციპებს. პარტნიორთა მიერ დაცული იქნება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი პრინციპები.
6. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის მიზანია მართლზომიერი, არაერთჯერადი და დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე მოგების მიღება. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა. ის საქმიანობა, რომლის განხორციელებაც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის/ავტორიზაციის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან/და ავტორიზაციის გავლის მომენტიდან.
7. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავისი მიზნების მისაღწევად ფლობს ქონებას, იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და კისრულობს ვალდებულებებს, ასევე, შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს გარიგებები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაზღვროს ამ გარიგებების შინაარსი, დადოს ისეთი გარიგებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ასევე, შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან/და მოპასუხე სასამართლოში.
8. პარტნიორები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, – მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
9. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი თავად იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. საზოგადოება შედგება შესაბამისი ორგანოებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მართვასა და წარმომადგენლობას. საზოგადოების მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილებები განსაზღვრულია სადამფუძნებლო შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული ორგანოები საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
10. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ასევე, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს ანგარიში საქართველოში ან უცხოეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ელექტრონული შტამპი ან ბეჭედი, ბლანკი და ემბლემა. საზოგადოებას უფლება აქვს გახსნას შესაბამისი ანგარიშები ნებისმიერ ბანკში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
11. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას უფლება აქვს, დადგენილი წესის მიხედვით, დააარსოს თავისი საწარმოები, ფილიალები და წარმომადგენლობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მონაწილეობა მიიღოს სხვა ორგანიზაციების და წარმოებების შექმნაში. საზოგადოება უფლებამოსილია გაერთიანდეს სხვადასხვა სახის გაერთიანებებში.
მუხლი 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და მათი უფლება-მოვალეობები
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე, რეგისტრირებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და აიღოს ვალდებულებები. საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სულ მცირე 2 პარტნიორი.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ და ეკისრებათ ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები.
3. პარტნიორმა თავისი უფლებებით სარგებლობისას მხედველობაში უნდა მიიღოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და დანარჩენ პარტნიორთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.
4. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით ან ამ წესდებით არის პირდაპირ გათვალისწინებული და აუცილებელია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
5. პარტნიორებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვაში ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
6. სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების ყველა პარტნიორს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და გაეცნოს მის საქმიან დოკუმენტაციას. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს.
7. სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით ნაკისრი ვალდებულებებისთვის უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების განმახორციელებლები, რომელმაც გამოიწვია ამ ვალდებულებების წარმოშობა, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
8. სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციამდე მისი სახელით მოპოვებული უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოების მიერ მოწონების შემთხვევაში იქცევა საზოგადოების უფლებებად და ვალდებულებებად. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების განმახორციელებლები, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული უფლებების ან/და ვალდებულებების წარმოშობა, თავისუფლდებიან ამ ვალდებულებებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
9. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ყველა პარტნიორს უფლება აქვს მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს საზოგადოების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და ამის თაობაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით წარადგინოს სარჩელი.
10. ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.
11. პარტნიორის წილი მოგება მიემატება ამ პარტნიორის შენატანს, თუ ის სრულად არ იყო განხორციელებული.
12. პარტნიორის წილი ზარალი და მის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგებას.
13. პარტნიორს უფლება აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგებიდან, რომელიც სამეურნეო წლის ბოლოს არის დადგენილი, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება.
14. დივიდენდის დაანგარიშებისას გაითვალისწინება პარტნიორის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შენატანი მისი განხორციელებიდან სამეურნეო წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილიდან, გახარჯული ფული/თანხა გაითვალისწინება გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად. დივიდენდის დაანგარიშებისას თანხის გამოთვლის შედეგად დარჩენილი მოგება, აგრეთვე სამეურნეო წლის ზარალი პარტნიორებს შორის თანაბრად ნაწილდება.
15. პარტნიორი ვალდებული არ არის დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს.
16. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, პარტნიორს უფლება აქვს გავიდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან.
17. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა პარტნიორების წილებს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეებს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რომელსაც იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა.
მუხლი 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მმართველი ორგანოები
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანოებია: საერთო კრება და ხელმძღვანელი ორგანო.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანოები და მათი წევრები ახორციელებენ საქმიანობას და იღებენ გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონით ან/და ამ წესდებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 4. საერთო კრება
1. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ყველა პარტნიორს, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, წლიური ბალანსის შედგენიდან არაუგვიანეს 6 თვისა ატარებს მორიგ საერთო კრებას. პარტნიორს შეუძლია მოიწვიოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნებისა და ყველა სხვა პარტნიორისთვის მოსაწვევის დაზღვეული წერილით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნით. საერთო კრება ტარდება შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნებიდან და პარტნიორებისთვის მოსაწვევების გაგზავნიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ. შეტყობინება/მოსაწვევი უნდა შეიცავდეს საერთო კრების დღის წესრიგის პროექტს. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) საჯაროდ გამოქვეყნებიდან 7 დღის შემდეგ, პარტნიორისთვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარტნიორი დაამტკიცებს, რომ სხვა პარტნიორისთვის კრების მოწვევის თაობაზე უფრო ადრე იყო ცნობილი. მოსაწვევის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში დამატებების შეტანა. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საერთო კრებაზე პარტნიორები საკუთარი შემადგენლობიდან, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ირჩევენ საერთო კრების თავმჯდომარეს. საერთო კრების თავმჯდომარის არჩევამდე ან იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნა არჩეული, კრებას თავმჯდომარეობს მისი მომწვევი პირი ან მომწვევი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ხოლო თუ მომწვევი რამდენიმე პირია − მომწვევ პირთა ან მომწვევ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელებისგან წილისყრით შერჩეული პირი.
4. საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ყველა პარტნიორისა და ორგანოსთვის.
5. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც კანონით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო კრების უფლებამოსილება შეიძლება გაფართოვდეს პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონების შესახებ. მოწონება იწვევს აღნიშნული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ ამ ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას, თუ ეს უფლება აშკარა იქნებოდა საერთო კრებისთვის წარდგენილი დოკუმენტებისა და მიწოდებული ინფორმაციის გულმოდგინედ შემოწმების შემთხვევაში.
7. თუ საერთო კრებას ყველა პარტნიორი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, კრების ჩატარება შესაძლებელია, იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მოწვევის კანონით ან/და ამ წესდებით დადგენილი წესები არ იქნა დაცული. თუ პარტნიორის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო.
8. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუკი მას ესწრება/ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი/პარტნიორები. თუ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა რაოდენობის მიუხედავად. საერთო კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს 1 ხმა.
9. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან ამ წესდებით განსაზღვრულია ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა დამატებითი პირობა.
10. თუკი საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგნის შეცვლას ან სცილდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, მის მისაღებად აუცილებელია ყველა პარტნიორის თანხმობა.
11. თუ საერთო კრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორს სხვა პარტნიორთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობა.
12. თუ საერთო კრების მიერ მისაღები გადაწყვეტილება ეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დავას ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დასადებ გარიგებას, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
13. პარტნიორს, რომელიც საერთო კრებაში არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ მონაწილეობს, შეუძლია ამ კრების ჩატარებამდე დისტანციურად, წერილობით, მისცეს ხმა მისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პარტნიორმა მონაწილეობა მიიღო საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში. აღნიშნული წესით ხმის მიცემის შემთხვევაში პარტნიორები იხელმძღვანელებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შესაბამისი რეგულაციებით.
14. საერთო კრებაზე დამსწრე ან არმყოფი პარტნიორის მიერ ხმის ტექნიკური საშუალების გამოყენებით მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირის სარწმუნო იდენტიფიცირება. ნების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოვლენისას აუცილებელია, იგი დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელი არიან საერთო კრების თავმჯდომარე და ამ კრების მომწვევი პირი.
16. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საერთო კრებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით, ერთ ან რამდენიმე საერთო კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით.
17. საერთო კრებაში პარტნიორის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს საერთო კრების მომწვევ პირს და მას შესაბამისი მინდობილობა ამ კრების ჩატარებამდე ან კრების დაწყებისთანავე უნდა წარედგინოს.
18. საერთო კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამ კრების დასრულებიდან 15 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების მიერ არჩეული საერთო კრების თავმჯდომარე. კრების ოქმის ნამდვილობასა და მასში მითითებული ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია კრების თავმჯდომარე. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი. საერთო კრების ოქმი დაუყოვნებლივ, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხარჯზე ეგზავნება პარტნიორებს.
19. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი/დრო;
გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე. ოქმს შეიძლება დაერთოს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) ძირითად დოკუმენტში ან დანართის სახით − საერთო კრების მუშაობაში მონაწილე ან მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა და სხვა დამსწრე პირთა ჩამონათვალი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. წარმომადგენლობის შემთხვევაში ოქმს უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან უნდა მიეთითოს ასეთ დოკუმენტზე, თუ მას სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სხვა დოკუმენტებთან ერთად ინახავს;
ე) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ვ) საერთო კრების დღის წესრიგი;
ზ) საერთო კრების გადაწყვეტილება. მასში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის შედეგები;
თ) საერთო კრების მონაწილის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში − კრების შესაბამისი მონაწილის ვინაობა და საწინააღმდეგო პოზიციის შინაარსი, თუ იგი მოითხოვს ამ აზრის/პოზიციის ოქმში შეტანას.
მუხლი 5. საერთო კრების გადაწყვეტილება
1. საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შემდეგ საკითხებზე:
ა) ფინანსური ანგარიშის დამტკიცება;
ბ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება;
გ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა, მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა;
ე) ხელმძღვანელი პირის/ორგანოს ანგარიშების დამტკიცება;
ვ) პარტნიორის გარიცხვა;
ზ) ხელმძღვანელი ორგანოს წევრის/პირის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობა (მათ შორის, ამ პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნა);
თ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეორგანიზაცია;
ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლა;
კ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილება/წესდების ახალი რედაქციის მიღება.
2. საერთო კრების გადაწყვეტილება/ოქმი ნამდვილია, თუ:
ა) საერთო კრება მოწვეულია უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით;
ბ) საერთო კრების ოქმი შედგენილია/დამოწმებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) საერთო კრების მოწვევის შესახებ ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილობით შეტყობინებაში/პარტნიორებისთვის გაგზავნილ მოსაწვევში მითითებულია საერთო კრების დღის წესრიგი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება, საერთო კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და დაწყების დრო;
დ) დაცულია საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პარტნიორებისთვის შეტყობინების წესი;
ე) საერთო კრებაზე განსახილველი საკითხი განეკუთვნება საერთო კრების უფლებამოსილებას;
ვ) გადაწყვეტილება სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების/წესდების ახალი რედაქციის მიღების შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს;
ზ) გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი მიზანია კრედიტორთა უფლებების დაცვა;
თ) გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3. საერთო კრების გადაწყვეტილება/ოქმი საჩივრდება სასამართლოში.
4. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარუდგინონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − მარეგისტრირებელი ორგანო), თუ საერთო კრების გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია.
5. ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ განათავსონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვებგვერდზე ან სხვაგვარად მიაწოდონ პარტნიორებს.
მუხლი 6. ხელმძღვანელი ორგანო
1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს ყველა პარტნიორს. პარტნიორი, რომელიც სარგებლობს ამ უფლებით და არ არის ჩამოცილებული ხელმძღვანელობით საქმიანობას, ვალდებულია განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა. პარტნიორმა არ უნდა განახორციელოს თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისეთი ქმედება, რომელსაც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პარტნიორი ეწინააღმდეგება.
2. დაუშვებელია ყველა პარტნიორის ხელმძღვანელობითი საქმიანობისგან სრულად ჩამოცილება, ამასთან, თუ სადამფუძნებლო შეთანხმებით ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ერთ ან რამდენიმე პარტნიორს აქვს მინიჭებული, სხვა პარტნიორები ხელმძღვანელობით საქმიანობას არ ახორციელებენ.
3. ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
4. პარტნიორს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა ნაკისრი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობას/წარმომადგენლობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა.
5. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, საზოგადოებას აქვს ამ ხელშეკრულების შეცილების უფლება. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის სახელითაც მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
6. თუკი ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება, ისინი საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარეს, რომელიც ახორციელებს კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ კანდიდატები თანაბარი რაოდენობის ხმებს მიიღებენ, ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა წილისყრით.
7. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელმძღვანელ ორგანოში მისი წევრობის უფლებამოსილების ვადას.
8. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, როგორც კოლეგიური ორგანოს წარმომადგენელი, კოორდინაციას უწევს საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს ხელმძღვანელი ორგანოს სხდომებს და აკონტროლებს ხელმძღვანელი ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას.
9. კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. თუ სხდომას არ ესწრება ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე, დამსწრე წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სხდომის თავმჯდომარეს. ხელმძღვანელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
10. ხელმძღვანელი ორგანოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების მიმართ გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების შესახებ.
11. სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს იმ ხელმძღვანელი პირისთვის, რომელთან დაკავშირებული საკითხიც განიხილება სხდომაზე.
მუხლი 7. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის ზოგადი პრინციპები
1. ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ამავე საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია.
2. ხელმძღვანელი პირი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს კეთილსინდისიერების მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის. დაუშვებელია შეიზღუდოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა ამ მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობისთვის.
3. ხელმძღვანელი პირის მიერ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელ პირს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − თითოეულ პარტნიორს.
4. ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.
5. თუ გარიგების ღირებულება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტს აღემა