დამტკიცებულია
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის დირექტორის ბრძანება N2-71 30.12.2022
სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის
ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების პროგრამა
სარჩევი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 3
მუხლი 2. პროფესიული განვითარების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი 3
მუხლი 3. პროფესიული განვითარების პროგრამები 3
მუხლი 4. პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი მოვალეობები 4
მუხლი 5. პროფესიული განვითარების პროგრამების განრიგი 4
მუხლი 6. პროფესიული განვითარების პროგრამების სახეები 5
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განათლების მექანიზმებს, მათი პროფესიული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
2. დოკუმენტის მიზანია უზრუნველყოს წმინდა სპს ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის (შემდგომში - გიმნაზია) მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განათლება.
მუხლი 2. პროფესიული განვითარების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი
1. პროფესიული განვითარება გრძელვადიანი პროცესია და მისი მიზანია, გიმნაზიის პედაგოგებს გაუღრმაოს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა;
2. იმის დასადგენად, თუ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები ესაჭიროებათ პედაგოგებს, აუცილებელია, შეფასდეს მათი საქმიანობა და მხოლოდ ამის საფუძველზე შემუშავდეს პროგრამების სასწავლო მიზნები;
3. მოთხოვნების გამოვლენა შესაძლებელია თანამშრომელთა შეფასების ფორმებისა და ე.წ. „სვოტ“ (SWOT) ანალიზის საფუძველზე, ასევე სასწავლო პროცესზე რეგულარული მონიტორინგითა და გასაუმჯობესებელი სფეროების გამოვლენისათვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით.
მუხლი 3. პროფესიული განვითარების პროგრამები
1. პროფესიული განვითარების პროგრამები ყოველთვის ახლო კავშირში უნდა იყოს გიმნაზიის მოთხოვნებთან და ხელს უწყობდეს გიმნაზიის განვითარების გეგმაში დასახული მიზნების შესრულებას;
2. პედაგოგებისათვის განკუთვნილი პროფესიული განვითარების პროგრამები მიზნად უნდა ისახავდეს პროფესიული კომპეტენციის ამაღლებას ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთში მაინც:
• საგნის ცოდნა;
• კლასის მართვა;
• შეფასების სტრატეგიები;
• სწავლის სტრატეგიები და მეთოდები;
• სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.
მუხლი 4. პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი მოვალეობები
1. გიმნაზიის დირექტორის მოვალეობაა, შეიმუშაოს პროფესიული განვითარების პროგრამები და უზრუნველყოს თითოეული პედაგოგის მონაწილეობა მათი პროფესიული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
2. დირექტორი უზრუნველყოფს, რომ პროფესიული განვითარების პროგრამები იყოს სისტემატური, კვლევაზე დაფუძნებული, გიმნაზიის საქმიანობის შესაბამისი, უწყვეტი და შედეგებზე ორიენტირებული;
3. დირექტორმა უნდა გამოყოს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რესურსები (დრო, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული რესურსები და სხვ.), რათა შესაძლებელი გახდეს მათი ეფექტური განხორციელება. თუ გიმნაზიის ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, იზრუნოს დამატებითი სახსრების მოძიებაზე;
4. დირექტორმა პროფესიული განვითარების პროგრამების თემატიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენოს გამოკითხვებისა და სხვა კვლევების მონაცემები და შედეგები;
5. დირექტორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასკოლო საზოგადოების წევრებს გიმნაზიის საქმიანობის გაუმჯობესების გეგმისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რესურსების შესახებ;
6. დირექტორი პედაგოგთა მიმდინარე პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, რომელიც თავის მხრივ მონიტორინგს და ზედამხედველობას განახორციელებს ამ პროგრამების მიმდინარეობაზე.
მუხლი 5. პროფესიული განვითარების პროგრამების განრიგი
1. განრიგის ეფექტურ შემუშავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პედაგოგთა პროფესიული განვითარების დაგეგმვისას;
2. უწყვეტი პროფესიული განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს ერთი წლის ვადით;
3. მასწავლებელთა მონაწილეობამ პროფესიული გადამზადების პროგრამებში ხელი არ უნდა შეუშალოს საგანმანათლებლო პროცესს სკოლაში;
4. გიმნაზიის ხელმძღვანელობა ვალდებულია, პედაგოგებს აუხსნას, რომ პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთა განათლების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის სათანადო დროის გამოყოფა;
5. პროფესიული განვითარების დაგეგმვისას სასარგებლო იქნება შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:
5.1 გახანგრძლივებული სამუშაო დღე - პროფესიული განვითარებისათვის საჭირო დრო შეიძლება გამოინახოს სამუშაო დღის გახანგრძლივებით (დილის ან საღამოს საათების დამატებით) ან შუადღის შესვენების დროის გაზრდით;
5.2 სამუშაო დღეების გაზრდა - გიმნაზიას შეუძლია, პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისთვის გაზარდოს სამუშაო დღეების რაოდენობა;
5.3 საზაფხულო ტრენინგები - გიმნაზიას შეუძლია, ეფექტურად და უმტკივნეულოდ გამოიყენოს ზაფხულის პერიოდი (როდესაც სკოლაში გაკვეთილები არ ტარდება) პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის;
5.4 მასწავლებელთა ჩანაცვლება - გიმნაზიამ შეიძლება შეიმუშაოს გაკვეთილების ისეთი ცხრილი, რომელიც შესაძლებელს გახდის ერთი მასწავლებლის მიერ გადამზადების პროგრამაში მონაწილე მასწავლებლის დროებით ჩანაცვლებას;
5.5 ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება შეიძლება რთული განსახორციელებელი აღმოჩნდეს თვითონ მასწავლებლისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, გიმნაზიის დირექციასა და პედაგოგებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე აუცილებლად უნდა გამოინახოს დრო პროფესიული განვითარების პროგრამებისათვის.
მუხლი 6. პროფესიული განვითარების პროგრამების სახეები
1. პროფესიული განვითარების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებებით, მაგრამ მათი დაგეგმვისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ კონკრეტული ღონისძიება მიზნად უნდა ისახავდეს ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენასა და გაუმჯობესებას საჭირო სფეროში;
2. პროფესიული განვითარების მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად გიმნაზიამ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან უნდა შეარჩიოს ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის სპეციფიკასა და პირობებს:
2.1. გიმნაზიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა - გიმნაზიასა და ადგილობრივ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის სპეციალური კურსების შექმნა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს გიმნაზიაში ან, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად;
2.2. ნებისმიერი სახით /ნებისმიერ დროს პროფესიული განვითარება - ასეთი მიდგომა მისაღები და გამოსადეგია ნებისმიერი დისციპლინისათვის. განვითარება შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა ფორმატით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების, ინტერნეტისა და დისტანციური სწავლების კურსების ან სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით;
2.3. არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახელმწიფო უწყებების მიერ შეთავაზებული სპეციალური კურსები (სემინარები, ტრენინგები) - ასეთი სპეციალური კურსები ხშირად ეწყობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. გიმნაზიის ადმინისტრაციის მოვალობაა, უზრუნველყოს ამგვარი სემინარებისა და ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება გიმნაზიაში. სასარგებლოა ამ ღონისძიებებში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, რათა გიმნაზია დროულად იყოს ინფორმირებული მათ მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ;
2.4. პროექტების შემუშავება - პროფესიული განვითარების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ასევე სპეციალური პროექტების შემუშავება, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული გიმნაზიის განვითარების არსებულ მოთხოვნილებებთან. ამ პროექტებისთვის დაფინანსების მოძიება შესაძლებელია განათლების საკითხებზე მომუშავე დონორი ორგანიზაციებიდან;
2.5. კონფერენციები - კონფერენციებში მონაწილეობა ცოდნის ამაღლებისა და იდეების გაცვლის კარგი საშუალებაა როგორც პედაგოგებისათვის, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში კონფერენციებზე დასწრება, შესაძლოა, გარკვეულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. გიმნაზიის ხელმძღვანელობის მოვალეობაა, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს ამ მიზნებისათვის თანხების გამოყოფა.
2.6. სკოლებთან თანამშრომლობა - ადგილობრივ სკოლებთან თანამშრომლობა ეფექტური მიდგომაა არა მარტო კონკრეტულად ერთი სკოლის პროფესიული განვითარებისათვის, არამედ მთელი რაიონის მასშტაბით არსებული სკოლებისათვის. მრგვალი მაგიდები, ერთობლივი კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები ეხმარება სკოლებს საგანმანათლებლო წარმატებების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევაში.
2.7. კოლეგების გამოცდილების გაზიარება - პროფესიული განვითარების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა კოლეგების საქმიანობაზე დაკვირვება და მათი გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესის დროს მასწავლებელი აკვირდება თავისი კოლეგის პრაქტიკას, ხოლო შემდეგ აცნობს მას თავისი დაკვირვების შედეგებს. იმისათვის, რომ დაკვირვება ორივე მხარისათვის იყოს მომგებიანი, აუცილებელია, კოლეგებს შორის ნდობა და ურთიერთდახმარების სურვილი არსებობდეს. ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგია სწავლების ახალი სტრატეგიების განვითარებისას;
2.8. გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს შორის - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღონისძიება შეიძლება საკმაოდ რთული ჩანდეს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ გიმნაზია მოიაზრება როგორც კონკურენტი. სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შორის სწავლებასთან დაკავშირებული მიდგომების გაზიარება სასარგებლო იქნება თითოეული სკოლისათვის. სკოლის ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული ასეთი ღონისძიებების მხრდაჭერა და პედაგოგების დარწმუნება ამ პრაქტიკის სასარგებლო მხარეებში;
2.9. მენტორობა - დამწყები და ნაკლებად გამოცდილი პედაგოგებისათვის წარმატებულ და გამოცდილ პედაგოგთან, როგორც მენტორთან, მუშაობა პროფესიული განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა. ამისათვის აუცილებელია ექსპერტ-
მასწავლებლების მომზადება, რომ მათ შეეძლოთ მენტორობის გაწევა, პროფესიული დიალოგის წარმართვა და შეფასებების გაკეთება. მენტორობა შეიძლება სხვადასხვა საშუალებით განხორციელდეს, მაგალითად: რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით, გაკვეთილებზე დაკვირვებით და სხვ;
2.10. კარიერული წინსვლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა გიმნაზიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზით მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.