10 დეკემბერი 2025
18 ოქტომბერს დააჯილდოვეს ესეების კონკურსში
,,თავისუფლება მოძრაობაშიას" საუკეთესო ნაშრომის ავტორი
ანასტასია კინწურაშვილი 🖊🖋
პედაგოგი _ გურანდა ცაგურია🖋📚🖊
Მისი ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ 👇
,,თავისუფლება, რომელიც ფანჯარასთან სრულდება"😢
მოგესალმებით კონკურსის ჟიურის წევრებს!
ვფიქრობ, ჩემი საკონკურსე ჩანახატი, რომელიც ემოციურად და შინაარსობრივად გაძლიერებულია ნაცნობი სიტუაციის მაგალითზე და მკაფიოდ უსვამს ხაზს ეტლით მოსარგებლეთათვის შესაფერისი ტრანსპორტის აუცილებლობას, მიიპყრობს თქვენს ყურადღებას!..
...ხშირად მსმენია სიტყვა თავისუფლება. მას ხშირად ვხვდებით წიგნებში, ფილმებში, ლექსებში, სკოლის გაკვეთილებზე. ჩემზე უფროსები ამბობენ, რომ თავისუფლება არის ყველას უფლება, რომ ის ხელშეუხებელი, პატივსაცემი და ძალიან ძვირფასი რამაა. ვიცი, რომ მათი ნათქვამი მართალია, მაგრამ ჩემთვის, ერთი პატარა გოგოსთვის, თავისუფლებას ცოტა სხვანაირი, ჩემებური და ცოოოტა მტკივნეული მნიშვნელობა აქვს.
მტკივნეული... დიახ, მტკივნეული, რადგან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე იმ ბავშვებს არ ვგავარ, რომლებიც თავისუფლად, ლაღად და მხიარულად დარბიან ეზოში, ხტუნავენ, კისკისებენ, მინდორზე ფეხბურთს თამაშობენ ან ბაღის ქვებზე გადაფრენას ცდილობენ. მე ფანჯარასთან ვზივარ და უბრალოდ ვუყურებ მათ. ჰო, ჩემი თავისუფლება ფანჯრიდან იწყება და ფანჯარასთანვე მთავრდება.
დიახ, მე ერთი პატარა გოგონა ვარ, რომელსაც თავისუფლება შეზღუდული მაქვს... როცა ფანჯარასთან მივდივარ და ვხედავ, როგორ თამაშობენ ეზოში ბავშვები, გული მტკივა _ მტკივა არა იმიტომ, რომ არ მყავს თოჯინა ან არ მაქვს ბურთი, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვუერთდები მათ თამაშს... მე ეტლით ვსარგებლობ... ის დაჟანგულია და გაჭირვებით მოძრაობს... ჩემი ოთახიდან გასვლაც კი სირთულეს წარმოადგენს, გარეთ კი უფრო დიდი ბარიერები მხვდება _ არ შემიძლია მაღაზიაში გასვლა, სკვერში ჩასვლა, მეგობრებთან ერთად გასეირნება არა იმიტომ, რომ არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ შესაფერისი ტრანსპორტი არ არსებობს ჩემთვის და ჩემნაირებისთვის... ქალაქში გადაადგილება, რაც სხვებისთვის ასე ბუნებრივია, ჩემთვის სიზმარია...
მე ეტლით ვსარგებლობ. ჩემი ეტლი ძველია, ჭრიალს იწყებს, როცა ძალიან ნელა ვცდილობ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას. გარეთ გასვლა კი ჩემთვის დიდი თავგადასავალია, არა იმიტომ, რომ ეს მხიარულებაა, არამედ იმიტომ, რომ იმდენი ბარიერია გზაში! სადარბაზოს კიბე, მაღალი ტროტუარები, გზის გვერდით მანქანები და რაც მთავარია - ტრანსპორტი, რომელიც არასდროს მიჩერებს...
ერთხელ, დედასთან ერთად გაჩერებაზე ვიდექი. ძალიან მინდოდა, ჩვენს პატარა ქალაქ ხონში ახლადგახსნილ პარკში წავსულიყავი, სადაც ჩემი კლასელები ახალ კუთხეებს ათვალიერებდნენ. ავტობუსიც მოვიდა. მინიდან მძღოლმა შეგვამჩნია, მაგრამ... ისევ გააგრძელა გზა. მას არ ჰქონდა პანდუსი, არც დაბლა დასაშვები იატაკი და ეტლით ჩემი ასვლა შეუძლებელი იყო. იმ მომენტში ძალიან მეწყინა, თითქოს ყველას დავავიწყდი.
ხშირად ვამბობ: თავისუფლება მოძრაობაა. როცა შენ იცი, რომ შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, შეხვდე ვისაც გინდა, ისაუბრო, ითამაშო, იქ იყო, სადაც სხვები არიან, ეს არის ნამდვილი თავისუფლება!
ძალიან მინდა, რომ სკოლიდან გამოსვლისას მეც ჩვეულებრივად დავჯდე ავტობუსში, როგორც ჩემი მეგობრები. მინდა, ქუჩაში ვირბინო და არ მეშინოდეს იმის, რომ სადმე ჩავრჩები. მინდა, ჩემი ეტლი ავტობუსში მარტივად შედიოდეს და იქ ჩემთვის გამოყოფილი ადგილი იყოს. მინდა, საზოგადოებამ დაინახოს არა მხოლოდ ეტლი, არამედ ადამიანი, რომელიც მასში ზის.
ჩემი ოცნება პატარა არ არის, ჩემი ოცნებაა, რომ ქალაქში იყოს ტრანსპორტი, რომელიც ყველასთვის არის. იქ არავინ უნდა დარჩეს გაჩერებაზე მარტო იმის გამო, რომ სხვებზე განსხვავებულად გადაადგილდება. იცით, ზოგჯერ ადამიანები ისე მიყურებენ, თითქოს ამ სამყაროში ზედმეტი ვარ... მე არ ვითხოვ სიბრალულს, მე ვითხოვ შესაძლებლობას. მე ვარ ბავშვი, რომელსაც უბრალოდ უნდა, თავისი ეტლი ბარიერი კი არა, გზის მეგობარი გახდეს.
გინახავთ ოდესმე ავტობუსი, რომელსაც სიმაღლეზე ასასვლელი პანდუსი არ აქვს? გინახავთ, როგორ უყურებს ეტლში მყოფი ადამიანი გაჩერებაზე გამავალ ავტობუსს და ხვდება, რომ ეს მისი ტრანსპორტი არ არის? მე არ ვთმობ იმედს! მჯერა, რომ ერთ დღეს იქნება ტრანსპორტი, რომელიც შემხვდება, არ დამტოვებს და ღირსეულად ამიყვანს! მჯერა, რომ იქნება ქალაქი, რომელშიც თავისუფლებას არ განსაზღვრავს ფიზიკური შესაძლებლობები! მჯერა, რომ ადამიანებს ეყოფათ სითბო და ტოლერანტობა იმისთვის, რომ არ გაგვმიჯნონ - მე და ისინი.
მჯერა, რომ ქალაქი შეიცვლება არა იმიტომ, რომ ამას ვინმე აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება გაიგებს: თავისუფლება ყველას ეკუთვნის - ვინც ფეხით დადის და ვისაც ბორბლები აქვს.
ამჟამად, მეგობრები თითქმის არ მყავს. ხშირად მარტო ვარ. მაგრამ ვიცი, ერთხელაც ფეხზე დავდგები და მაშინ, პირველად, ბავშვებთან ერთად ვითამაშებ ეზოში და აღარ მომიწევს ფანჯრიდან ყურება, თუ როგორ ცეკვავენ, დარბიან და კისკისებენ სხვები. მაშინ გულიც აღარ მეტკინება. მე მჯერა თითოეული იმ ადამიანის, ვინც საკუთარ თავს აფასებს და მჯერა, რომ ისინი ერთ დღეს დამინახავენ არა როგორც გადაადგილებაშეზღუდულ ბავშვს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც იმსახურებს გადაადგილების თავისუფლებას... ჰო, ძალიან მინდა მეგობრები. ახლა მათთან ყოფნა მხოლოდ ფიქრებში შემიძლია. მაგრამ იმედი არასდროს მტოვებს. ვოცნებობ დღეზე, როცა ერთხელაც ჩემს ეზოში ხმაური გაისმება -ეს მე ვიქნები, ახალი ეტლით, რომელიც თავისუფლად იმოძრავებს ტროტუარზე, მეგობრებთან ერთად ვითამაშებ.